ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის საქმის მოსამართლე ყოფილ პრეზიდენტს კვლავ აჯარიმებს და საპატიმრო ზომაზე გაფრთხილებას გამოთქვამს


მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს უძღვება ორშაბათს თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დუმილის ორდერის მეათედ დარღვევისთვის, სასამართლოს უპატივცემულობაში დასდებს ბრალს. ამასთან, მოსამართლემ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნებისმიერი შემდგომი დარღვევისთვის, მისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდების საკითხს განიხილავს.

მოსამართლე ხუან მერჩანმა თქვა, რომ ამ დროისთვის, $9000-იანი ჯარიმა გამოიყენა. დუმილის ორდერი ტრამპს უკრძალავს საჯარო კომენტარები გააკეთოს მსაჯულებზე, მოწმეებზე და მოსამართლის და პროკურორების ოჯახის წევრებზე, თუ ასეთი განცხადებები საქმეში ჩარევისთვისაა გამიზნული.

მერჩანმა თქვა, რომ საპატიმრო სასჯელი „ნამდვილად ბოლო საშუალებად“ განიხილა, ბევრი მიზეზის გამო. მათ შორისაა სასამართლო პროცესის შეფერხება, არჩევნების წინ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის დაპატიმრების შესაძლო პოლიტიკური შედეგები და უსაფრთხოების უჩვეულო გამოწვევები, რაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმას უკავშირდება, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე აშშ-ის საიდუმლო სამსახური იცავს.

მაგრამ, მან თქვა, რომ ტრამპის მიერ დუმილის ორდერის „უწყვეტი, შეგნებული“ დარღვევები, „კანონის უზენაესობაზე პირდაპირ თავდასხმას“ უტოლდება.

„არ მსურს ციხეში ჩასმის ზომას მივმართო და ყველაფერი გავაკეთე ამის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, თუ საჭირო იქნება, ამას გავაკეთებ“, - თქვა მერჩანმა დარბაზში მსაჯულების არყოფნისას.

ნიუ-იორკის კანონი დუმილის ორდერის დარღვევისთვის 1000 დოლარამდე ჯარიმას, ან 30 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლე ხუან მერჩანმა, დონალდ ტრამპს 1000 დოლარიანი ჯარიმა დაუწესა 22 აპრილს, ეთერში გასული ინტერვიუსთვის, სადაც რესპუბლიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: „ის მსაჯულები ასე სწრაფად შეარჩიეს - 95 პროცენტი დემოკრატები. ეს უბანი მეტწილად დემოკრატებისაა“.

გასულ კვირაში, ხუან მერჩანმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული შეტყობინობებისთვის, რომლებიც დუმილის ორდერის დარღვევად შეაფასა, დონალდ ტრამპი 9000 დოლარით დააჯარიმა.

ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ჩივის, რომ დუმილის ორდერი უზღუდავს შესაძლებლობას, არჩევნების წინ ამომრჩევლებთან იმუშაოს.

„მოსამართლემ გამაჩუმა და ნება არ მაქვს ვისაუბრო, ვფიქრობ მის სავსებით (ინტერესთა) კონფლიქტზე... მან სიტყვის კონსტიტუციური უფლება ჩამომართვა“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის გარეთ.

XS
SM
MD
LG